მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„მაღალი დონის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც იქნება მონაწილე ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და ჩვენ დავესწრებით იმ დიდ ცერემონიას, რომელიც გაიმართება ვატიკანში,“ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომში იმყოფება.
მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.