მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ ერთიანობითა და სიამაყით გვეტარებინოს ყველა ის სიკეთე და ფასეულობა, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ, ერთიანობითა და სიამაყით გვეტარებინოს ყველა ის სიკეთე და ფასეულობა, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის და არასდროს გაგვნელებოდეს ამ ქვეყნის სიყვარული და სიამაყე, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენი ქვეყნის დაცვასა და წარმატებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობას სჭირდება დაცვა, რაც თითოეული მოქალაქის ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. ბოჭორიშვილმა ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ყველას კარგად არ აქვს გაცნობიერებული თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის სუვერენიტეტს და მისი თავისუფლების დაცვას. ძალიან ხშირად ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები შიგნიდან და ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ხედავ, როგორ მოქმედებს სამშობლოს წინააღმდეგ შენივე თანამოქალაქე. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს გვაქვს - ეროვნული ინტერესების, ეროვნული ინტერესის გაცნობიერება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოწვევაა გარეთ. ჩვენ საკმაოდ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, თუმცა ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა და ასე გაგრძელდება და გარკვეული უნარებიც გვაქვს იმის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ რეგიონში“, - განაცხადა მინისტრმა.