Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია, მიუღებელია კრიტიკა მათი მხრიდან, ვისაც რუსეთთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მოლაპარაკებები აქვს ერთადერთ ფორმატში – ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი.

„კონფლიქტი კონფლიქტად რჩება. ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია და ადამიანები, რომლებიც ამ რეგიონებიდან გამოუშვეს, კვლავ მოკლებული არიან საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას. ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს საქართველო და ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუღებელია საქართველოს კრიტიკა რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომელთაც რუსეთის ფედერაციასთან აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობა.

„ეს ერთგვარად უფრო მეტ კითხვას აჩენს, რა ინტერესი არსებობს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების გამოყენებისთვის სხვაგან, რა უნდათ საქართველოსგან, რა არის ის, რაც იქნებოდა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში? გაყინული ასეთი მდგომარეობა, თუ ცხელი კონფლიქტი? რა თქმა უნდა, არის ეს კითხვები, რომელიც გვაწუხებს. უპასუხისმგებლოები უნდა ვიყოთ, რომ არ გვებადებოდეს ეს კითხვები – რა არის რეალური ინტერესები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.