მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს ისტორიულად შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, ამასთან, ვხედავთ, რომ მოლდოვაში მაღალ დონეზეა საგარეო ვალის ნიშნული, აქედან გამომდინარე, სიმართლის დამალვა რთულია
საქართველოს ისტორიულად მართლაც შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა აქვს. ამავდროულად, ვხედავთ, რომ მოლდოვაში ისტორიულად მაღალ დონეზეა საგარეო ვალის ნიშნული. აქედან გამომდინარე, სიმართლე, ძალიან რთულია, დაიმალოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილს ჰკითხეს მოლდავური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მოლდოვის მთლიანი სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა და 128 მილიარდ 649 მილიონ ლეის მიაღწია. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ „როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის გაფართოების გზას, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე“.
ბოჭორიშვილის თქმით, პაველ ჰერჩინსკი ჩრდილს აყენებს ევროკავშირის სანდოობას.
„მსგავსი განცხადებები, როგორსაც აკეთებს ამ შემთხვევაში ევროკავშირის ელჩი და არამხოლოდ ის, ერთადერთ რამეს აკეთებს და ემსახურება, ის ჩრდილს აყენებს ევროკავშირის სანდოობას. შეუძლებელია, დაიმალოს, რა ხდება ჩვენ გარშემო, ჩვენს ქვეყანაში.
ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ისტორიულად მართლაც შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა. ამავდროულად, ვხედავთ, რომ მოლდოვაში ისტორიულად მაღალ დონეზეა საგარეო ვალის ნიშნული.
აქედან გამომდინარე, სიმართლე, ძალიან რთულია, დაიმალოს. ყველა კარგად ხედავს, რა ხდება, როგორ ვითარდება საქართველო, როგორ ვითარდებიან სხვა ქვეყნები. ამ პირობებში, როდესაც ურჩად ხდება მტკიცება, რომ მოლდოვა და უკრაინა უსწრებენ საქართველოს რაიმე მაჩვენებლებით, ჩრდილს აყენებს მხოლოდ მათ სანდოობას, ვინც ამას ამბობს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.