Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის, ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ურთიერთობებში წინსვლა გვექნება

საქართველო მზად არის და მიესალმება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების ნორმალურ რეჟიმში გადაყვანას, სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას რეალურად სუფთა ფურცლიდან, სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად წარვმართოთ პარტნიორული ურთიერთობები, – განაცხადა მედიასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ელის, რომ აშშ-ის მხრიდანაც იქნება ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებასაც იმსახურებს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

„არაერთხელ გვისაუბრია აშშ-თან ურთიერთობებზე და იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაშიც არის ეს ურთიერთობები, ამის მიზეზებზეც. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო მზად არის და მიესალმება საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალურ რეჟიმში გადაყვანას, სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას რეალურად სუფთა ფურცლიდან, სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად წარვმართოთ პარტნიორული ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო წვლილის შემტანი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დღის წესრიგში, მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში და ბუნებრივია, ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც იქნება ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებასაც იმსახურებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.