მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე.
მინისტრის განცხადებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაცია არსებობს, თუმცა გადამეტებული მოლოდინების შექმნა მიზანშეწონილი არ არის.
„ნამდვილად იყო გარკვეული კომუნიკაციები აშშ-ის მხარესთან. ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში ველოდებით აშშ-ის მხრიდან, რომ იქნებოდა გარკვეული ნაბიჯები გადმოდგმული საქართველოსთან ურთიერთობებში. იყო კომუნიკაცია, თუმცა გადამეტებული მოლოდინების შექმნა არ მინდა არც ამ კომუნიკაციების საფუძველზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ღიაა კონსულტაციებისთვის და ელოდება ურთიერთობების გადახედვას, რომელიც ორ ქვეყანას ორმხრივ პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში დააბრუნებს.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყოს საუბარი. ჩვენ მოველით, რომ იქნება კონსულტაციები საქართველოსა და აშშ-ს შორის და ჩვენ მოვახერხებთ გადავლახოთ ის მართლაც რთული მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს ურთიერთობებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, წინა წლებში საქართველო იყო ყოველდღიური პოლიტიკური დისკუსიის საგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის თეთრ სახლშიც, რაც ხშირად აისახებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან, საქართველო მუდმივად აფიქსირებდა თავის მტკიცე პოზიციას ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით.
„ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა საჯაროდ, თუ რას მივიჩნევთ აშშ-სთან ურთიერთობის გადახედვად. ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, ჩვენთვის მისაღები არ არის და ესეც გვითქვამს. ისიც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მეგობარი აქტი, რომელიც განიხილებოდა ამერიკის კონგრესში და რომელსაც ჩვენ არ მივიჩნევდით არანაირად მეგობარ აქტად, არ გვსურდა, რომ ყოფილიყო საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გარკვეულწილად განმსაზღვრელი და საფუძველი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს ნათქვამი, ჩვენი პოზიციები არის დაფიქსირებული და რა თქმა უნდა მოველით, რომ აშშ-ს მხრიდან გარკვეული სიცხადე იქნება საქართველოსთან ურთიერთობებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებულ ყურადღება რეგიონთან ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზეც გაამახვილა. მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უკავშირდებოდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულებისა და მშვიდობის მნიშვნელობის ხაზგასმას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ პროცესს საქართველო პოზიტიურად აფასებს და საკუთარი წვლილიც შეაქვს რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით.
მინისტრმა ასევე ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებებზე, რომ საქართველო შესაძლოა რეგიონული პროცესების მიღმა აღმოჩნდეს.
„როდესაც ჩვენი რეგიონის როლზე ვსაუბრობთ და უფრო მეტად არის საუბარი შუა დერეფანზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობაზე - წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება საქართველოს როლი დააკნინო. შეუძლებელია ამის გაკეთება, რაც არ უნდა ეცადონ. არავინ გამორიცხავს ალტერნატიული გზების არსებობას და ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ საქართველოს გამოტოვება წარმოუდგენელია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს გასასვლელი ზღვაზე და მარტო ეს კმარა იმისთვის, რომ მშვიდად იყო, რომ საქართველოს როლს ვერავინ დაკნინებს“, - ხაზგასმით განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.