მაკა ბოჭორიშვილი - საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის იმდენად გამოიყენება, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა, შეიქმნა ორგანოები, რომლებიც წყვეტენ, რა უნდა იყოს შენს ქვეყანაში
„ჩვენ არავის ვესხმით თავს, უბრალოდ, ცოტა ადრე დავიწყეთ იმ ნაკლოვანებებზე საუბარი, რაც შევნიშნეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს ნაკლოვანებები“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ვთქვით, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, კანონებთან დაკავშირებით სამართლებრივი რეკომენდაციების ნაცვლად. ჩვენს ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ, კანონზე ექსპერტიზა გადაიზარდა იმაში, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა და მოდით, გამოვცვალოთო“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ანალოგიური პრობლემა მკაფიოდ ჩანს ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ინსტიტუტების საქმიანობაშიც.
„ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები ევროპის საბჭოში, საპარლამენტო ასამბლეაში, როგორ ხდება ევროპის საბჭოს ინსტიტუტების გამოყენება. სხვათა შორის, ეუთო-ს მინისტერიალზე, ვენაში, დეკემბერში, მე მაშინ ვთქვი ძალიან ხაზგასმით, რომ ხდება ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რათა ქვეყნის საშინაო საქმეებში მოხდეს ჩარევა“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა.
„რა მოგვწონს ევროკავშირში, რით განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირისგან ევროკავშირი? იმით, რომ ეს იყო სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი სუვერენული უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი საშინაო საქმეები. დღეს ჩვენ რას ვხედავთ, ანუ გლობალიზაცია როგორ იქნა გაგებული, რომ შეიქმნა რაღაც ორგანოები, რომლებიც წყვეტენ, რა უნდა იყოს შენს ქვეყანაში. იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა. ყველაფერი გამოიყენეს, რომ თავზე მოგახვიონ ის წესები, რა წესებიც თავში მოუვიდათ რომელიღაც კაბინეტში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ დიალოგი ხშირად სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით შექმნილი ხელოვნური პროცესი.
„პოლიტიკური დიალოგი – რაღაც ხელოვნური პროცესი, რომელიც წამოიწყეს, შარლ მიშელის შეთანხმება და შეთანხმება, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა არცერთ პოლიტიკური ძალის ინტერესთან. არცერთს არ აინტერესებდა, გენერალური პროკურორი როგორ იქნებოდა არჩეული იმ დროს, როდესაც, ვითომდა კრიზისი გვქონდა ქვეყანაში, როგორ შემოგეყვანა პარლამენტში არჩეული პარლამენტის წევრები. ასეთ დონეზე დავიდა საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, რომ შექმნან ასეთი ხელოვნური პროცესები, რომ მერე ვითომ დააწყნარონ“, – აღნიშნა მინისტრმა.