მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისეთი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„როგორც ჩვენ ვხედავთ, ერთადერთი სწორი გზა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებაა. დღეს ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ, სწრაფად იცვლება ჩვენს თვალწინ მსოფლიო წესრიგი. თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, გარკვეული საფუძვლები აქვს ამ ცვლილებებს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში ვითარდებოდა.
ჩვენი პრაგმატულობა სწორედ ამაში უნდა გამოიხატოს, სწორად შევაფასოთ ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ დღეს ვმოქმედებთ და თავი დავანებოთ მხოლოდ სასურველი რეალობის დანახვას. ძალიან ხშირად შეიძლება რეალობა არც ისე სასურველი და სახარბიელო იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ სწორედ იმ რეალობის სწორად დანახვა და შეფასება, რა რეალობაშიც დღეს ვმოქმედებთ და სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე გადავდგათ ნაბიჯები“, - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ის საკითხი, სადაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა ყველაზე მეტად იკვეთება.
„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სუვერენიტეტზე და სუვერენიტეტის დაცვაზე და რომ ეს უნდა იყოს ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ღერძი. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ხდება საშინაო და საგარეო პოლიტიკის გადაკვეთა.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ ხაზების დაცვა, რაც საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს ხაზები ეხება სწორედ სუვერენიტეტს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს საგარეო ჩარევებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის“. - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფაა.
„როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისეთი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება. შემდეგ უკვე მოდის ყველა სხვა დანარჩენზე საუბარი, თუ არ გვექნება უსაფრთხოება და მშვიდობა, ამ მოცემულობაში დანარჩენზე საუბარი აზრს კარგავს. ეს არის ის ღერძი, ის მთავარი მამოძრავებელი, რითაც ჩვენ საგარეო პოლიტიკას უნდა ვახორციელებდეთ“.- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკაში მოქნილობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევებთან ერთად ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.
„დღევანდელ მოცემულობაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მოქნილობა, რაც უნდა ახლდეს ჩვენს საგარეო პოლიტიკას. დღეს გამოწვევებთან ერთად ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა ჩნდება და უნდა ვიყოთ ღია და მზად ამ შესაძლებლობების დანახვისთვის, მათი სწორად შეფასებისა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები სწორად იყოს გამოყენებული. მოქნილობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი და მას ვახორციელებთ და განვახორციელებთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე მოცემულობაში სწორად შევძლოთ მოძრაობა, ეს არის სწორედ ის პრაგმატულობა, რაც საჭიროა ფრთხილი საგარეო პოლიტიკის გატარებისთვის, მოქნილობა და, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის დაცვაზე და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი ნაბიჯების გადადგმა. აქ არაერთმა მონაწილემ ახსენა დემოკრატია და მთავრობაც დასახელდა პრობლემად. დემოკრატიასა და ფასეულობებზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ ავიწყდებათ დემოკრატიის მთავარი წყარო, ეს არის ხალხი და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. თუ ამას დავივიწყებთ და ამას პატივს არ ვცემთ, მაშინ ყველანაირი საუბარი დემოკრატიაზე უბრალოდ მოკლებულია აზრს და გარკვეულ სანდოობას“, - დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.