Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც კათოლიკურ სამყაროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები ვატიკანთან პოზიტიურად გაგრძელდეს და შედეგები ნაყოფიერი იყოს

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის ვატიკანში ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კათოლიკური სამყაროს ახალი პაპის არჩევის ფონზე.

„პრემიერ-მინისტრისთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა, პაპისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შესახებ ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს. ამასთან, ვატიკანის გლობალური როლისა და პოზიციების გათვალისწინებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო მხარეებს შორის მოსაზრებების გასაცვლელად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი ასევე შეეხო საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ ისტორიულ ორმხრივ ურთიერთობებს.

„საქართველოს ვატიკანთან ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ყოველთვის გამორჩეული იყო თანამშრომლობითა და მეგობრული განწყობით. ახალი პაპის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები პოზიტიურად გაგრძელდეს და კარგი შედეგები მივიღოთ“, - განაცხადა მინისტრმა.