მაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია რომ საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან და ჩარევებისგან დაიცვას.
„ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია რომ საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან და ჩარევებისგან დაიცვას. სწორედ ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, აძლიერებს იმ კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს ამ სფეროს, ჩვენთვის ეს ფაქტობრივად ღია თემაა. მაშინ როდესაც დავიწყეთ საუბარი უცხოური გავლენებისა და ჩარევების შეზღუდვაზე, თქვენ ნახეთ, რა რეაქციები მოჰყვა ამ მცდელობებსა და ნაბიჯებს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური, რომ სწორედ კანონმდებლობა და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება. ამ შემთხვევაში საუბარია უცხოურ გავლენებზე. ეს კიდევ ერთხელ დასტურია, რომ საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას, რასაც ჰქვია უცხოური გავლენები და ჩარევები“, – განაცხადა ბოჭორიშვილამა.
ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს FARA-ში ხარვეზების აღმოფხვრას და უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას.