მაკა ბოჭორიშვილი: მხარდაჭერა, რაც საქართველომ გაეროში რეზოლუციის მიღებისას მოიპოვა, არის ქართული დიპლომატიის დიდი ძალისხმევის შედეგი, დიდი გამარჯვება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნების საკითხი, რომელიც ქართული მხრიდან მუდმივად დგას საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში.
ბოჭორიშვილის თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ გაამახვილოს ყურადღება იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლში დაბრუნების საკითხზე.
„მხარდაჭერა, რაც დღეს მოიპოვა საქართველომ, არის ქართული დიპლომატიის ძალიან დიდი მუშაობის და ძალისხმევის შედეგი, ძალიან დიდი გამარჯვება. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამხელა მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია 2008 წლიდან დაწყებული, როდესაც დავიწყეთ ამ რეზოლუციის ინიცირება და გაეროში წარდგენა. დასაფასებელია ის შრომა, რაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერაში ჩაიდო და დასაფასებელია ჩვენი პარტნიორების, იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ რეზოლუციას, ჩვენთან ერთად არიან ინიციატორები, თანასპონსორები და შემდგომ უკვე გვეხმარებიან ამ მხარდამჭერების მოპოვებაში. ეს ჩვენი მხრიდან იმსახურებს მადლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში და საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რაც კი არსებობს, რომ საქართველოს საკითხზე იყოს მსჯელობა და ყურადღება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.