Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი მაია სანდუს განცხადებაზე: მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორ წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას

მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორ წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე, რომ თუ ოდესმე რუმინეთთან გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს.

ბოჭორიშვილის თქმით, უცნაურია, როდესაც მოლდოვის პირველი პირი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებით მსგავს განცხადებას აკეთებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეთ მათ და როგორი მიმართულებით წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას.

„ერთი რამ არის ფაქტი, ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც არის სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი და ამას ჰქვია სუვერენიტეტი, ამ შემთხვევაში მეორე პლანზეა გადაწეული და მოლდოვის პრეზიდენტისთვის ის არ არის მნიშვნელოვანი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ის ქვეყნის ინტერესებს ხედავს, არა როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას, არამედ სხვა ქვეყნის შემადგენლობაში. კიდევ ერთხელ, ეს არის მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტი, თუ როგორ წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ქართველ ხალხს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული.

„სწორედ ამიტომ აკეთებს ქართველი ხალხი იმ არჩევანს, რა არჩევანსაც აკეთებს და კიდევ ერთხელ, ეს არჩევანი არის სწორედ იმის დასტური, რომ ქართველ ხალხს ჰყოფნის იმდენი სიბრძნე, ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელიც ამტკიცებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.