მაკა ბოჭორიშვილი: მადლობის წერილი მივიღეთ ევროკავშირისგან, რამდენად კარგად ასრულებს საქართველო ვალდებულებებს, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად
ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, რაც უკავშირდება იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ხშირად ხდება იმ ხმაურის ობიექტი, რომელიც იქმნება ხოლმე, ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან და სწორედ იმ ქვეყნებშია სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ქმედებები, რომლისგანაც ხშირად მოდის უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მისამართით.
„საქართველო ძალიან ხშირად ხდება იმ ხმაურის ობიექტი, რომელიც იქმნება ხოლმე, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან და არის გაუთავებელი მცდელობები, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყოს ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი. მათ შორის, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, თუ რამხელა შეტევები ხორციელდებოდა საქართველოზე, როდესაც საკითხი ეხებოდა სანქციების შესრულებას და ამ კონტექსტში, საქართველოს როლს.
ჩვენ, სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილიც ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, რაც უკავშირდება იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.
ამავდროულად, ჩვენი იმასაც ვხედავთ, რომ სწორედ ის ქვეყნები, რომლისგანაც ძალიან ხშირად მოდის ხოლმე უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მისამართით, სწორედ იქ ხდება ძალიან ბევრი ისეთი განვითარება, რაც უკავშირდება სანქციების გვერდის ავლას.
რა თქმა უნდა ეს არის სამწუხარო, როდესაც საქართველო ხდება ამ ქვეყნების შეტევის ობიექტი და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ობიექტურად იყოს საქართველოსთან მიმართებით ყველა პოზიცია და დამოკიდებულებები. სამწუხაროა, რომ სწორედ ის ქვეყნები არიან საქართველოს წინააღმდეგ რიგებში, რომლებიც თავად დგამენ ასეთ ნაბიჯებს“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.