Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლება მოქმედებს ძალიან ფრთხილად, რომ არ გადადგას ნაბიჯები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას, ეს არის რაც არ არის მისაღები ჩვენი პარტნიორებისთვის?

„რა არის იმის მიზეზი, რომ ასე გადამეტებით „ზრუნავენ“ ქართველ ხალხზე, რა უნდათ ქართველი ხალხისგან, საქართველოსგან და რა არის ის, რასაც არ ვაკეთებთ სწორად?“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს ომი და სანქციები რუსეთისგან, რამაც, თავის დროზე, ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა.

„ჩვენ ვსაუბრობთ პოპულარულ ტელეარხებზე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სიამოვნებით უყურებს და ადევნებს თვალს - ეს ასახულია რეიტინგებში, ანუ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონებით სარგებლობს - ეს არის მიუღებელი ბრიტანეთის მთავრობისთვის. მათთვის მიუღებელია ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი და ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებებს. ეს აჩენს კითხვას - რა არის იმის მიზეზი, რომ ასე გადამეტებით „ზრუნავენ“ ქართველ ხალხზე, რა უნდათ ქართველი ხალხისგან, საქართველოსგან და რა არის ის, რასაც არ ვაკეთებთ სწორად?

ჩვენ ვაკეთებთ მარტივ რამეს - ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და ხშირად, ის ქმედებები, რაც მოეთხოვება საქართველოს, რომ გააკეთოს იმისათვის, რომ შესაძლოა რაღაცას წაეხმაროს - ეს რაღაცაზე წახმარება კიდე მეორე საკითხია, რა იგულისხმება ამაში - ძალიან ხშირად ბადებს კითხვას - რამდენად არის ეს ჩვენი ქვეყნის და მისი უსაფრთხოების ინტერესებში და ხომ არ შეუქმნის ძალიან სერიოზულ საფრთხეს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც აქვს ომის არაერთი გამოცდილება, აქვს რუსეთისგან დასანქცირების გამოცდილება? ძალიან მძიმე შედეგები ჰქონდა ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის მხრიდან სანქციების დაწესებას, - დღეს რომ საუბრობენ სანქციებზე, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს.

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არ მიაწოდო ქვეყანას ენერგორესურსები, - ჩვენ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ვიცით რას ნიშნავს საომარ მოქმედებებში იყო ქვეყანასთან, - ეს გამოცდილება გვაქვს და ამას ვუფრთხით. ეს არის ის, რასაც უფრთხის საქართველოს ხელისუფლება, როდესაც მოქმედებს ძალიან ფრთხილად, რომ არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას. ეს არის ის, რაც არ არის მისაღები და მოსაწონი ჩვენი პარტნიორებისთვის? ეს კითხვა არსებობს და ის ლეგიტიმურია“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.