მაკა ბოჭორიშვილი: იმდენად გვაკლია ბრიუსელის მხრიდან ობიექტური შეფასებები, რთულია, გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით პოზიტიური ან ობიექტური შეფასებების მოლოდინი გვქონდეს
ზოგადად, ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ინსტრუმენტალიზება ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ანგარიშიც იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის გამოქვეყნებაც 4 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.
მისი თქმით, ბრიუსელის მხრიდან ნაკლებად არის სურვილი, საქართველოში მიმდინარე პროცესები ობიექტურად იყოს დანახული, რის გამოც მოლოდინი არ აქვს, რომ ანგარიშში პოზიტიური შეფასებები იქნება.
„რთულია, წინასწარ ვთქვათ, რა იქნება ასახული, თუმცა შეიძლება, ვივარაუდოთ, რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს ეს ანგარიში. მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ნაკლებად არის სურვილი, საქართველოში მიმდინარე პროცესები ობიექტურად იყოს დანახული. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია, მოველოდეთ ობიექტურ შეფასებებს ანგარიშში, რომელიც მომავალ კვირას გამოქვეყნდება.
იმდენად გვაკლია ბრიუსელის მხრიდან ობიექტური შეფასებები, იმასაც ვერ მივაღწიეთ, 4 ოქტომბრის მოვლენებს თავისი სახელი დარქმეოდა და ობიექტურად შეფასებულიყო, ბრიუსელი გამიჯნულიყო ძალადობისგან, შეტევებისგან, რაც საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ხორციელდება. აქედან გამომდინარე, რთულია, ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით პოზიტიური ან ობიექტური შეფასებების მოლოდინი გვქონდეს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.