მაკა ბოჭორიშვილი: იმ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფანი იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში, ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია, ამის არ დანახვა არ შეიძლება
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა რეგიონის წინაშე მდგარ ისტორიულ შანსზე, იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად, არამარტო დაკავშირებადობის კუთხით, არამედ ეკონომიკური პროექტების მიმართულებით.
„გეოპოლიტიკურად, კონტექსტი რაც თანამედროვე სიტუაციაში ჩვენ გვაქვს, არის ის რომ იცვლება მიწოდების ჯაჭვები თუნდაც, იცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა. იმ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფანი იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში, ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია, ამის არ დანახვა არ შეიძლება.
ამას ემატება ის განვითარება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი დასრულდა და ორივე მხარე ცდილობს, რომ იპოვოს თანამშრომლობის გზები და ითანამშრომლონ თუნდაც ამ რეგიონული პროექტების კონტექსტში.
რაც არის ახალი მოცემულობა ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს არის ახალი შესაძლებლობები რეგიონისთვის. ანუ შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთის მხრივ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, მეორეს მხრივ ეს ურთიერთობები რაც არსებობს მეზობლებს შორის, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ საქართველო-სომხეთს, საქართველო-აზერბაიჯანს, ახლა უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს ითამაშებს შუა დერეფნის განვითარებაში, რაც შეიძლება მართლა ვთქვათ, რომ არის ისტორიული შანსი ჩვენი რეგიონისთვის, რომ მართლაც იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად, არამარტო დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ეკონომიკურ პროექტებზე.
რა თქმა უნდა ამის უკან დგას პოლიტიკა და ამის უკან არის გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.