Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ბოჭორიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დროს საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანელ ხალხს“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახებისას შედეგად, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა, სულ მცირე, 170 ადამიანი. ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.