მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ყველა მნიშვნელოვანი განხილვის მონაწილე იყო და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის, ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაეროში გამართული ვიზიტის შეფასებისას.
მინისტრის თქმით, საქართველო ყველა მნიშვნელოვან განხილვასა და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის, ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.
„პრემიერ-მინისტრმა, გარდა გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული მიმართვისა, მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში, რომლებიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. ისინი ორგანიზებული იყო ევროკავშირის და სხვადასხვა აქტორის მხრიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე: მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე. მეც მქონდა შესაძლებლობა, არაერთ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, მათ შორის ყირიმის პლატფორმა. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად საქართველო მიწვეული იყო ამ პლატფორმაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.