Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს

როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, აქ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრაში და დაკავშირებადობაზე დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ერევანში იმართება, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიაც გაიმართება.

„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როცა ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში სწორედ პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ამ დისკუსიებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.