მაკა ბოჭორიშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

2025 წლის 30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის (DCO) რეგიონულ დირექტორთან, გვი იეპ სონთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.
საუბარი შეეხო, განვითარების თვალსაზრისით, საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს, განსაკუთრებით, აღინიშნა რეგიონალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული გეგმები და ამ თვალსაზრისით, გაერო-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ხაზი გაესვა მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელებაში ორგანიზაციის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლების მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს აღნიშნული მიზნების იმპლემენტაციის პროცესში, მათ შორის „გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ხელშეკრულების“ შემუშავების საკითხზე.
ყურადღება, ასევე, დაეთმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას.
გაერო-ს წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან.