Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ეს ინიციატივა მიმართულია დემოკრატიული არჩევნების დასაცავად, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და უცხოური გავლენებისგან დაცვისთვის

„ეს ინიციატივა არის მიმართული დემოკრატიული არჩევნების დასაცავად და ხალხის ნების დაცვისთვის უცხოური გავლენებისგან, პირველ რიგში. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს, აქვთ და ექნებათ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, არანაირად არ იზღუდება მოქალაქეთა საარჩევნო უფლება. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცხოურ გავლენებზე, როდესაც ვსაუბრობთ გააზრებულ გადაწყვეტილებაზე, რთულია ამ დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებში სრულად გყავდეს საზღვარგარეთ შენი მოქალაქეები ინფორმირებული, თუ რასთან გვაქვს საქმე და რას ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის განმარტებით, ინიციატივა არ ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას.

„არავინ იზღუდება ამ ინიციატივით. ყველა საქართველოს მოქალაქეს, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებზე, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ სასურველ საარჩევნო სუბიექტს, და ხმის მიცემის პროცედურა განახორციელონ საქართველოში.“ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მიდგომა არის საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკა და მისი მიზანი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაა. „ასეთი წესები არსებობს ბევრგან. ბევრი დემოკრატიული ქვეყანა იყენებს ამგვარ მიდგომას. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში გამომდინარეობს ქვეყნის და მისი უსაფრთხოების საჭიროებებიდან, მათ შორის დემოკრატიის დაცვის საჭიროებებიდან“,  - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.