მაკა ბოჭორიშვილი: ერთის მხრივ შენ ამბობ, რომ გინდა იხილო საქართველოს მოსახლეობა და საქართველო ევროკავშირში და მეორეს მხრივ, ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან წყვეტ დიალოგს
„საქართველოს ევროკავშირთან დიალოგს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა იმ განცხადებას, რომელიც ერთი წლის წინ გაკეთდა“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, მაშინ ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისა და ინტეგრაციის საკითხი არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლის მსაზღვრელი საქართველოში, რადგან ეს აზიანებდა ინტეგრაციის პროცესს, რომელიც სხვაგვარად იქნა ინტერპრეტირებული.
„შეიძლება ითქვას რომ ევროკავშირის მხრიდანაც გაკეთდა ისეთი განცხადებები, რამაც ასე ვთქვათ, დააბრალა საქართველოს ევროკავშირთან დიალოგის შეწყვეტა, რაც სინამდვილეში ევროკავშირის მხრიდან იქნა შეჩერებული ჯერ კიდევ ივნისის თვეში“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან მაგიდაზე უკვე იდო, შესაბამისად, გასულ წელს გაკეთებულ განცხადებას რეალური ეფექტი ვერ ექნებოდა ურთიერთობებზე ნეგატიურ კონტექსტში.
„მე ვერ ვიტყოდი ასე, როდესაც მაგიდაზე უკვე იდო დიალოგის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან ამ განცხადებას რაიმე რეალური ეფექტი ჰქონოდა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე ნეგატიურ კონტექსტში - ეს ფაქტობრივად, გამორიცხულია“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრი განმარტავს, რომ აღნიშნული განცხადება იყო დეკლარაცია იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლების იარაღი და არ უნდა გამოყენებულიყო ამისთვის.
„ამ განცხადებით არ მომხდარა არაფერი, რაც გააჩერებდა დიალოგს ევროკავშირთან. ამ განცხადებით გაკეთდა დეკლარირება მარტივი რამის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლების იარაღი და არ უნდა გამოყენებულიყო ამისთვის. თუმცა მთელი წელია ჩვენ ვაკვირდებით იმას, რომ გრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები იყოს საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის მსაზღვრელი“, - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრი განმარტავს, რომ ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები ხშირად რამდენიმე დღით აკონტროლებს საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს.
„ეს ხომ ფაქტია, რომ ხდება განცხადებების გაკეთება ბრიუსელიდან, შემდგომ ორი-სამი დღე სწორედ ამის გარშემო ტრიალებს ასე ვთქვათ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში ან გაკეთდება რაღაც განცხადება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ანგარიში რომელიც თქვენ ახსენეთ ასევე შესავალში“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ასეთი განცხადებები აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, თუმცა ამ პროცესში პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებაზე ვერ დადგება, რადგან გადაწყვეტილება დიალოგის შეწყვეტაზე ევროკავშირის მხრიდან იყო მიღებული.
„ევროკავშირის მხრიდან ეს ყველაფერი აზიანებს რა თქმა უნდა საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, რა თქმა უნდა ეს უარყოფითად მოქმედებს ამ პროცესზე, თუმცა ამ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ დავაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ვსაუბრობთ დიალოგზე ევროკავშირთან. ჩვენ გვესმის ასეთი განცხადებები ბიუროკრატიის მხრიდან, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს ევროპულ ასპირაციას, საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირში, ჩვენ გვინდა საქართველო ვიხილოთ ევროკავშირში და მეორეს მხრივ იგივე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ესაუბრონ - ეს ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია“, - აღნიშნა მინისტრმა.