მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას. არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ თბილისში, როდესაც დაბრუნდება ბრიუსელიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ბოჭორიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ აპირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის უწყებაში დაბარებას მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან და რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება შემაშფოთებელია. ნამდვილად შემაშფოთებელია ქართველი ხალხის ინტერესების, ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა, მაშინ როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება. ახლაც ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები გვესმის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, დაიბარებს თუ არა საგარეო უწყება ელჩს სამინისტროში, ბოჭორიშვილმა უპასუხა:
„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და სწორედ იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება“.