მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი პარტნიორებისთვის საინტერესოა საქართველოს ეკონომიკური მიღწევები, პროგრესი და როლი, რომელსაც ასრულებს რეგიონში დაკავშირებადობის განვითარების კუთხით

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიღწევები იყოს სათანადოდ წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე და ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს, იყოს თვალსაჩინოდ წარმოდგენილი“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ესპანეთში განაცხადა, სადაც გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, არის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან იყოს საუბარი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
„კარგი შესაძლებლობა გვქონდა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, გვქონოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან საუბარი. ცოტა ხნის წინ გვქონდა გაეროში კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც შეეხება იძულებით გადაადგილებული პირების საკითხს. ამ კონტექსტში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
ასეთ ფორუმებზე კარგი შესაძლებლობა გვეძლევა, მსგავს მხარდაჭერაზე ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან. შეხვედრა მქონდა, ასევე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. ჩვენ 25 წელია, ამ ფორმატში ვთანამშრომლობთ და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება, გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პარტნიორებისთვის საინტერესოა სწორედ, საქართველოს ეკონომიკური მიღწევები, პროგრესი, რომელიც არის ქვეყანაში და როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს რეგიონში დაკავშირებადობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.