Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

„ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები რეპრესიულად შეფასდა, თუმცა შინაარსობრივ განხილვაში არავინ შესულა, რადგან ამისი ინტერესი არავის ჰქონდა, ამ შეფასებების მიზანი ქვეყანაში ნებისმიერი გზით ხელისუფლების ცვლილება იყო.

„ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ჩვენი მოქალაქეების სტაბილურ გარემოში ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ასეთ კანონებს ნამდვილად მივიღებთ. რაც შეეხება დიალოგს. დიალოგს თავისი მიზეზები ჰქონდა. რეალურად ინტერესი ამ კანონებთან დაკავშირებით არავის არ ჰქონდა, როდესაც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა, აქტუალური სულ სხვა საკითხები იყო. ჩვენ ვესაუბრებოდით იმაზე, რომ თუკი საჭირო იყო შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, სადაც ვიმუშავებდით, მიეთითებინათ, კონკრეტულად რომელიც მუხლი თუ ნორმა ზღუდავდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. ასე შეფასდა, ეს კანონი იყო „რუსული კანონი”, „რეპრესიული კანონი”. რეალური ინტერესი არ არსებობდა ამ კანონებთან დაკავშირებით. ეს მიზეზი იყო ამ ქვეყანაში, რომ არეულობა ყოფილიყო და რევოლუციური სცენარები განვითარებულიყო, რადიკალური დღის წესრიგი შეიქმნა, ეს იყო კანონის ბრენდირება „რუსულ კანონად”, შინაარსობრივ განხილვა არ იყო მიზანი, მიზანი იყო, რომ გამოეწვიოთ საზოგადოების აღშფოთება არარსებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით და საქართველოში მიგვეღო ისეთი პროცესი, რომლითაც მივიღებდით საბოლოო ჯამში ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლების ცვლილებას”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სურვილზე, დახმარებოდა საქართველოს შექმნილი ვითარებიდან გამოსვლაში.

„გენერალური მდივნის მხრიდან რა თქმა უნდა, იყო ინტერესი, რომ გარკვეულწილად დაგვხმარებოდა ამ პროცესიდან გამოსვლაში, როდესაც გარკვეული აქტორების მხრიდან ასეთი წნეხის ქვეშ იყო საქართველო. მე მის პირად ინტერესებს და მის მცდელობებს ნამდვილად არ ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ. არაერთხელ შევხვედრივართ ჩვენ და გვისაუბრია. მართლაც გულწრფელად დაინტერესებულა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, თუმცა არიან ქვეყნები, მათ შორის ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები, რომელთაც ეს საერთოდ არ აინტერესებდათ. მათთვის სულ სხვა დღის წესრიგი იყო აქტუალური. საქართველოში უკვე პოსტ არჩევნების პერიოდი იყო, საუბარი იყო ლეგიტიმაცია არლეგიტიმაციაზე და ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რეზოლუციებს იღებდნენ, რომ საქართველოში არჩევნები არ ეცნოთ ლეგიტიმურად. მათ გადაწყვიტეს, რომ თურმე საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის მიერ გაკეთებული არჩევანი არ ითვლება. ლეგიტიმაცია აკლია და მათი გადაწყვეტილებით, უკვე სხვა დღის წესრიგი და მოცემულობა იყო საქართველოში. გაჩნდა საკითხი “ვის უნდა ველაპარაკოთ”. მათთვის ეს იყო მთავარი მიზანი, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც არ გამოუვიდათ საბოლოო ჯამში. ეს მიზანიც მიუღწეველი დარჩა. ეს ერთი წელი ნამდვილად რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, თუმცა მეორეს მხრივ, ის მიზანი, რა მიზანიც ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მიმართ არა კეთილად განწყობილ ძალებს, ვერ იქნა მიღწეული. ვერც არჩევნების დელეგიტიმაცია მოახდინეს და ვერც საქართველოს განვითარების შეჩერება და სტაბილურობის დარღვევა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.