Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობის საკითხზე მიმდინარე პროცესსა და საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის. ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი. მომავალ წელს ეუთოს არ ჰყავს თავმჯდომარე, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. კვიპროსთან დაკავშირებით გასულ წელს ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თურქეთის პოზიციის გამო და ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული ქვეყნები, ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ, რომ კვლავ გამოიყენონ ეს საკითხი იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ დააფიქსირონ პოზიცია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველო აგრძელებს მუშაობას ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად.

„თუმცა კონკრეტული პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსის მისაღწევად, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, მეზობელი ქვეყნები და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის ერთიანი პოზიცია არც წინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ არსებობს, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ეუთოს ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები, ჰყავდეს თავმჯდომარე ქვეყანა მომავალ წელს და ეს თავმჯდომარე ქვეყანა, თუკი იქნება საქართველო, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ორგანიზაციის მუშაობაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.