Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან განვაახლოთ საუბარი თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისობაში იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „დღის ქრონიკის“ ეთერში მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს მთავრობის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შესახებ.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ღიაა დიალოგისთვის ნებისმიერ დონეზე და მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინტერესის გამოვლენას.

„საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა. მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლებისა და გადატვირთვის შემოთავაზებას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის საქართველოში აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის ვიზიტზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნა ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ვიზიტის მნიშვნელობაც.

„ბატონი ლაშა დარსალიას ვიზიტი ვაშინგტონში ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან იყოს კომუნიკაცია საქართველოს შესახებ და, რა თქმა უნდა, საქართველო იყოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები გადავტვირთოთ და განვაახლოთ საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისობაში იქნება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.