Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ხშირად ვაწყდებით უსამართლო კრიტიკას, თუმცა მკაფიოდ უნდა ითქვას, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატში სიტყვით გამოვიდა. 

„ჩვენ ხშირად ვაწყდებით უსამართლო კრიტიკას, თუმცა მკაფიოდ უნდა ითქვას: საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში. ეს არის ერი, რომელიც უპირისპირდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ გეოპოლიტიკურ რეალობას - უსაფრთხოების ქოლგის დაცვის და რომელიმე სამხედრო ალიანსში წევრობის გარეშე. სწორედ ამიტომ არის მშვიდობა ჩვენი საფუძველი და ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. საქართველომ აჩვენა შესანიშნავი მედეგობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა. გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო ძირითადმა სექტორებმა, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიები, აჩვენეს ძლიერი განვითარება და ინოვაცია. ჩვენი პორტები, სატრანსპორტო დერეფნები და სავაჭრო ინფრასტრუქტურა საქართველოს ვაჭრობისა და შესაძლებლობების ჰაბად აქცევს. ჩვენ გვსურს ვიყოთ დამაკავშირებელი ხიდი და არა გამყოფი კედელი.

გეოგრაფიულად საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზაჯვარედინია.

საქართველო არა მხოლოდ საკუთარ მომავალს უზრუნველყოფს, ის აძლიერებს ევროპის სტაბილურობას, კეთილდღეობასა და მდგრადობას, სადაც შავი ზღვა რეგიონული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კარიბჭეს წარმოადგენს. და ბოლოს, საერთო რისკების სამყაროში, ჭეშმარიტი უსაფრთხოება დამოკიდებულია პასუხისმგებლობაზე, დიალოგსა და მშვიდობის, სტაბილურობისა და ყველა ერს შორის თანამშრომლობისადმი ურყევ ერთგულებაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა