Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავუძელით მიზანმიმართულ და უსამართლო შეტევებს, რომლებიც ხორციელდებოდა ვითომდა დემოკრატიის დაცვის სახელით, თუმცა მიმართული იყო ქართველი ხალხის არჩეული მთავრობისა და სახელმწიფოს ლეგიტიმური ქმედებების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატში სიტყვით გამოვიდა. 

ბოჭორიშვილმა სამშვიდობო პოლიტიკაზე, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და გარე ჩარევებზე ისაუბრა. 

„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც ესმის მშვიდობის ჭეშმარიტი ფასი, რადგან არაერთხელ გამოცადა ომის დამანგრეველი შედეგები. მე წარმოვადგენ მთავრობას, რომელმაც განსაკუთრებულად რთული გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ფონზე, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა საკუთარ პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია.

დღევანდელ რთულ გარემოში, სუვერენიტეტის ცნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პოლიტიკური დებატების საკვანძო საკითხი გახდა.სუვერენიტეტი არ ნიშნავს იზოლაციას ან თანამშრომლობაზე უარის თქმას. ეს პასუხისმგებლობას საკითხია.

ეს ეხება ერების უფლებას და ვალდებულებას - მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ ისტორიაზე, საკუთარ ინტერესებსა და მოქალაქეების დემოკრატიულ ნებაზე დაყრდნობით. ბოლო წლებში, საქართველო უპრეცედენტო საერთაშორისო ყურადღების ქვეშ არის.

ჩვენ გავუძელით მიზანმიმართულ და უსამართლო შეტევებს - რომლებიც ხორციელდებოდა ვითომდა დემოკრატიის დაცვის სახელით - თუმცა მიმართული იყო ქართველი ხალხის ნების, მათ მიერ არჩეული მთავრობისა და სახელმწიფოს ლეგიტიმური ქმედებების წინააღმდეგ.

ჩვენ ნათლად დავინახეთ, როგორ შეიძლება საერთაშორისო ინსტიტუტები და ჩვენი გულწრფელი ევროპული მისწრაფებებიც კი, ზოგჯერ გამოყენებულ იქნეს როგორც ინსტრუმენტი სუვერენულ ერებზე ზეწოლის მოსახდენად და მათი სუვერენული უფლებების ეჭვქვეშ დასაყენებლად. ჩვენ ასევე ვიხილეთ ის მძიმე შედეგები, რაც შიდა საქმეებში გარე ჩარევამ და ეროვნულ პოლიტიკაში უცხოელი აქტორების მონაწილეობამ შეიძლება მოუტანოს ნებისმიერ ქვეყანას. ასეთ მომენტებში, მდგრადობა და საზოგადოების სიმწიფე ჩვენი სახელმწიფოებრიობის უძლიერეს საყრდენად იქცევა. მიუხედავად განგრძობადი სადეზინფორმაციო კამპანიებისა და გარე ზეწოლისა, საქართველო მტკიცედ დგას.

ჩვენი ეროვნული ინტერესების გამტარებელი ვიმოქმედეთ და პასუხისმგებლობით დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი და გადავარჩინეთ ჩვენი სახელმწიფოს მომავალი. გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე, გადაუჭრელი კონფლიქტისა და მუდმივი გარე ზეწოლის წინაშე მყოფმა საქართველომ აირჩია სტაბილურობა პროვოკაციის ნაცვლად, დიალოგი იზოლაციის ნაცვლად და გრძელვადიანი ეროვნული სახელმწიფო ინტერესი მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებლის ნაცვლად. ეს მიდგომა არ არის სისუსტის ნიშანი. ეს გადარჩენისა და მშვიდობის გზაა. საქართველოსთვის მშვიდობა არ არის აბსტრაქტული იდეალი - ეს სასიცოცხლო აუცილებლობაა. ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტი რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც კონფლიქტის ფასისა და უსაფრთხოების სიმყიფის მძლავრი შეხსენებაა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა