მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
2025 წლის 7 ნოემბერს, პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
მაკა ბოჭორიშვილმა ჩინელ კოლეგას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვევისა და მაღალი დონის მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
„საუბარი, ასევე, შეეხო ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კავკასიის რეგიონის მნიშვნელობაზე და დაკავშირებადობის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობებზე. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებულ როლს.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკას, ამ კონტექსტში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ხოლო საქართველოს მხრიდან ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში და 2019 წლის შემდეგ, პირველი ორმხრივი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.