მაკა ბოჭორიშვილი: ბევრ ქვეყანაში არ გვყავდა ელჩი და ამის მიზეზი იყო სალომე ზურაბიშვილი, როცა არ გყავს ელჩი, ქვეყნის ინტერესების დაცვა რთულდება, ახლა ნულიდან ხდება წარმომადგენლობების დაკომპლექტება

ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გვყავდა ელჩები და ამის მიზეზი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო არ ყოფილიყო წარმოდგენილი ელჩების დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე, შეუძლებელია, რომ ამას გავლენა არ მოეხდინა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ხალი პრეზიდენტი ჰყავს, 30-მდე ელჩი დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ნულიდან ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობების დაკომპლექტება.
„არ შემიძლია არ ვთქვა, რა პირობებში უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ეს დაკავშირებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აქტივობასთან, მოქმედებასთან და უმოქმედობასთან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, 30-მდე ახალი ელჩი დაინიშნა საზღვარგარეთ.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები იყო მოშიშვლებული, ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გვყავდა ელჩები და ამის მიზეზი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო არ ყოფილიყო ელჩების დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე. საზოგადოებას ახსოვს, რომ არაერთი ასეთი ფაქტი გვახსოვს, ის ხელს უშლიდა ელჩები დანიშვნას და იმას, რომ საქართველოს ჰყოლოდა წარმომადგენლები საზღვარგარეთ. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ 30-მდე ელჩი დანიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ნულიდან ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობების დაკომპლექტება უმაღლეს დონეზე. შეუძლებელია, რომ ამას გავლენა არ მოეხდინა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, როცა საქმე ეხება ქვეყნის ინტერესების დაცვას, პირველ რიგში მისი დამცველი საზღვარგარეთ არის საელჩო.
„როცა ამა თუ იმ ქვეყანაში არ გყავს ელჩი, საქართველოს ინტერესების დაცვა უფრო რთულდება. საქართველოს ინტერესების დაცვა დღეს ისედაც არ არის მარტივი ამ მოცემულობაში, მით უმეტეს, როცა შეზღუდულია დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობა. ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა საშუალებები არსებობს და ჩვენ მცდელობები არ დაგვიკლია. აქ არის მეორე მხარის სურვილი, რომ მოისმინოს ალტერნატიული ინფორმაცია.
ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ერთგვარი რეაქცია არის, რომ მე შენ არ მოგისმენ, არ დაგელაპარაკები, თუმცა ჩემი აღქმები მექნება და გადაწყვეტილებას მივიღებ, როგორც მე მინდა. როცა ჩვენ გვაქვს 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოსი, რომელიც ერთგვარად ზღუდავს კავშირებს თუ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან, ესეც არის ფაქტორი.
ვერ ვიტყვი, რომ ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს პოზიცია ერთგვაროვანია, ძალიან ბევრი თავადაც არის მსხვერპლი მსგავსი თავდასხმების თუ პროცესების. თუმცა, არსებობენ ძალები, რომლებიც ერთგვარად დომინირებენ იმ ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებებზე თუ პოზიციებზე, რომელიც გვესმის ბრიუსელიდან და რომელიც ხელს უშლის დიალოგს, ურთიერთობებს და საქართველოსა და ევროკავშირის ჯანსაღ ურთიერთობებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.