Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებზე: ჩვენ ერთგვარად შევაჯამეთ ორივე ქვეყანასთან ურთიერთობების მდგომარეობა და ასევე, ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც ბოჭორიშვილმა სტამბოლში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე.

„საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ უმაღლეს დონეზე ჩვენ ამ საკითხებზე, რაც დგას დღის წესრიგში ურთიერთობების, გვქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ საკმაოდ ინტენსიური, მაღალი დონის კომუნიკაცია აზერბაიჯანთან. ვიზიტი იყო საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ბაქოში და მნიშვნელოვანი შეთანხმებები იქნა გაფორმებული. ცოტა ხნის წინ განახლდა სარკინიგზო მიმოსვლაც, რაც ასევე პოზიტიური ნაბიჯი იყო ჩვენს ქვეყნებს ურთიერთობებში. ასე რომ, ჩვენ ერთგვარად შევაჯამეთ ორივე ქვეყანასთან ურთიერთობების მდგომარეობა და ასევე ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის და საერთაშორისო არენაზეც თანამშრომლობის საკითხები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.