მაკა ბოჭორიშვილი: არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და დემოკრატიული ევროკავშირისთვის
„არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და დემოკრატიული ევროკავშირისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრის განცხადებით, ანგარიშში ბევრი მიზანმიმართული უზუსტობაა, რომელიც სრულიად არ შეესაბამება რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს, რეალურ სიტუაციასა და დასკვნებს.
„ზოგადად რომ შევაფასოთ ანგარიში, ძალიან ბევრი მიზანმიმართული უზუსტობაა, რომელიც სრულიად არ არის თანხვედრაში რეალურად გადადგმულ ნაბიჯებთან, რეალურ სიტუაციასთან და იმ დასკვნებთან, რაც ანგარიშშია გაკეთებული. ეს არის სრულიად აცდენილი ერთმანეთს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დეტალურად შევისწავლით ანგარიშს და ყველაფერზე გვექნება ჩვენი კომენტარი. რა თქმა უნდა, ვერ დავხუჭავთ თვალებს იმ ტყუილებზე, რაც წერია ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს აუცილებლად უნდა შეფასდეს ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ანგარიშში ასახული საკითხები დაკავშირებულია საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდასთან.
„ვხედავთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამალებული პროპაგანდა მიდის უკვე რამდენიმე წელია, და ეს ანგარიშიც სწორედ იმ ანტიქართულ პროპაგანდას უწყობს ხელს ამ დასკვნებით, რომლებიც სრულიად აცდენილია რეალურ ფაქტებსა და რეალურ მოცემულობებს“.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა დიალოგისთვის.
„ჩვენ კანონებთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვით და არა ერთხელ გამოვაცხადეთ, რომ ღია ვართ ნებისმიერ ფორმატში თუკი ეს ევროპულ მხარეს აწუხებს, დავსხდეთ და ვისაუბროთ ამ კანონების საჭიროებაზე და არსზე, თუ რისთვის იყო ეს კანონები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული. მას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, პოლიტიკური საფუძველი; ამ კანონების მიღება სჭირდებოდა ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფო სტაბილურობას და გამომდინარეობდა ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან. თუკი ამაზე არის რაიმე კითხვები, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად. როდესაც დღეს საუბარია იმაზე, რომ თითქოს ეს კანონები რაიმეს ზღუდავს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კანონები არაფერს არ ზღუდავს. არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და დემოკრატიული ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.