Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: 2024 წელს ვნახეთ, რა ეპითეტებით ამკობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, უცხოელი აქტორებიც ეუთო/ოდირს, ალბათ, გარკვეული სიფრთხილე არსებობს საქართველოში არჩევნების დაკვირვებაზე

ქართული საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს იმას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნარი შესწევს დღეს დაიცვას საქართველოს ინტერესები, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რატომ დაემთხვა მოთხოვნები ბრიუსელიდან საარჩევნო კალენდარს, რაზეც მმართველი გუნდი მუდმივად მიანიშნებს.

„ეს ყველაფერი გამიზნულია ერთადერთი რამისკენ, რომ გარკვეული გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის განწყობაზე, საარჩევნო პროცესებზე და რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საქართველოში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ამომრჩეველი, ქართული საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს ამ პროცესებს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ ამ ყველაფრის, ასეთი კოორდინირებული შეტევების ფონზე, თუ ვინ არის ყველაზე პოპულარული ძალა დღეს საქართველოში. ქართული საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს იმას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნარი შესწევს დღეს დაიცვას საქართველოს ინტერესები, არის „ქართული ოცნება“ და საქართველოს ინტერესები არის სწორედ დაკავშირებული ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის ეუთო/ოდირის უარი მოწვევაზე, რამდენად სარწმუნოა ის არგუმენტი, რაც წარმოადგინეს და იქონიებს თუ არა ეს რამე ფორმით რამე ტიპის გავლენას მთელ პროცესზე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ეს გავლენას ვერ იქონიებს პროცესზე.

„ეუთოს მოწვევაზე როდესაც არის საუბარი, ალბათ, პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ სწორედ ოპოზიციის და არა მხოლოდ ოპოზიციის, მათ შორის, უცხოელი აქტორების მხრიდანაც ის შეტევები, რაც განხორციელდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მისიაზე, ის ზეწოლები, რაც ხორციელდებოდა ამ მისიაზე, ვიდრე ისინი გამოაქვეყნებდნენ დასკვნას. ეს არ არის ჩვენი მოგონილი. ეს არის ფაქტები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ კიდეც, თუ რა ეპითეტებით ამკობდნენ ოპოზიციის და არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები, უცხოელი აქტორებიც ეუთო/ოდირს. ალბათ, გარკვეული სიფრთხილე არსებობს საქართველოში არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით. მე ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ დრო არ იყო საკმარისი.

ჩვენ ეუთოს მოსაწვევი გავუგზავნეთ იმ დღესვე, რა დღესაც დასრულდა პარტიების სიების რეგისტრაცია საარჩევნო კომისიაში. ერთი თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ მისიის ჩამოყალიბება მოხერხდეს, თუკი ამის სურვილი არის.

ამის გამოცდილება, რა თქმა უნდა, არსებობს, თუ კარგად გავიხსენებთ, რა მოხდა 2007-2008 წლებში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე; თუ სწორად მახსოვს, 25 ნოემბერს გადადგა მიხეილ სააკაშვილი, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დაემთხვა ორკვირიანი არდადეგების პერიოდს, როდესაც საშობაოდ ყველა ისვენებს, მიუხედავად ამისა, მოხერხდა ის, რომ მისია ყოფილიყო საქართველოში არჩევნების დასაკვირვებლად.

რა თქმა უნდა, ასეთი შეტყობინებები და გაუთვალისწინებელი ხშირად არსებობს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა ალბათ, არსებობდა, თუკი სურვილი იქნებოდა საქართველოში არჩევნების დაკვირვების“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, გარკვეულ კითხვებს აჩენს, თუ რა თუ რა ხდებოდა მანამდე და როგორ მოხდა, რომ ამ საკითხით განეხორციელებინათ გარკვეული სპეკულაციები, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ოდირის მოწვევას და ეს იყო დრამატული რამ.

„ზოგადად, ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელიც ძალიან ხშირად ხდება ოდირის დაკვირვების სუბიექტი. ადგილობრივ არჩევნებს ყველაზე ნაკლებად აკვირდებიან, ისიც ქვეყნის ძალიან დიდი სურვილის შემთხვევაში. როგორც წესი, ეუთო აკვირდება საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნებს და უფრო ნაკლებად ადგილობრივ არჩევნებს, თუმცა ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, ჩვენივე მოწვევით 2021 წელს ეუთო/ოდირი აკვირდებოდა ჩვენს ადგილობრივ არჩევნებს. ერთგვარად შესაძლოა, იყოს ესეც გამოყენებული ადგილობრივი პოლიტიკოსების მხრიდან გარკვეული სპეკულაციებისთვის, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ყველას აქვს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს დააკვირდეს არჩევნებს, ვისაც ამის სურვილი აქვს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვეყოლება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები, დარწმუნებული ვარ ამაში, თუკი სურვილი აქვთ საერთაშორისო საზოგადოებასაც და ქართულ საზოგადოებასაც, რომ დააკვირდნენ არჩევნებს“, - დასძინა ბოჭორიშვილმა.