Loading data...
მაია ბითაძემ ნაპირდაცვით და ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან.

განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ნაპირდაცვითი და ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრისას ისაუბრეს ზღვისა და მდინარეების სანაპირო ზოლებში არსებულ ვითარებაზე, ამგვარი ტიპის სანაპირო დაცვის ღონისძიებების განხორციელებისთვის წინასწარი შეფასებისა და მის საფუძველზე ადგილების წინასწარი იდენტიფიცირების აუცილებლობაზე.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან სანაპირო ზოლებთან დაკავშირებით, წინასწარი შეფასებების არარსებობა გამოწვევად დასახელდა თუმცა, აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) პროცედურის ფარგლებში.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობას მათ შორის, როგორც მდინარის, ასევე, ზღვის სანაპირო ზოლის კომპონენტში სამუშაოების შესწავლის, დაგეგმვის და განხორციელების თვალსაზრისით.

„სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, რათა ნაპირდაცვითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები სისტემურად და გეგმაზომიერად განხორციელდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სამუშაო შეხვედრაში მაია ბითაძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე და ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა მონაწილეობდნენ.