მაია ბითაძე: ყოველდღიურად უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ დასაფასებელია ის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც საქართველოში ვინარჩუნებთ სწორედ იმ კურსიდან გამომდინარე, რა კურსიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული
პირველ რიგში, ყველას მშვიდობა მინდა ვუსურვო რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესებიდან გამომდინარე. ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ დასაფასებელია ის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვინარჩუნებთ სწორედ იმ კურსიდან გამომდინარე, რა კურსიც ქართულ ოცნებას აქვს აღებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ეს კურსი დაფუძნებულია, პირველ რიგში ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებზე.
„სადაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა ყველა მეზობელთან იმ გლობალური ძალიან დიდი ძვრების გათვალისწინებით, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და რასაც ვპროგნოზირებდით ბოლო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ის ხელოვნური ჩარევები, მათ შორის საქართველოს საშინაო საქმეებში, ის გარკვეული პროვოცირებები, რომ ჩვენ ჩავრთულიყავით ამა თუ იმ დაძაბულობაში ჩვენ საზღვრებს მიღმა ან მომხდარიყო ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაცია, დღეს უკვე ხელის გულზე დევს და დღეს უკვე ნათლად ჩანს, თუ ვინ იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ ამის მეხოტბე და მამოძრავებელი ძალა.
თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ქართულმა ოცნებამ შეძლო ის, რომ ამ ცეცხლმოკიდებულ რეგიონში ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ ეკონომიკურ წინსვლაზე და კვლავ სტაბილურობის შენარჩუნებაზე და მათ შორის, ჩვენ უახლოეს მეზობლებთან, ეს იქნება აზერბაიჯანი თუ სომხეთი ურთიერთობის კიდევ უფრო ახალ საფეხურზე გადაყვანაზე“, - აღნიშნა ბითაძემ.