Loading data...
მაია ბითაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ თავგამოდებით ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ხალხის არჩევანს რაც ბევრის, მათ შორის ეუთოს აღმასრულებელი რგოლის დიდ პატივისცემას იმსახურებს

„რა ხდებოდა კულისებს მიღმა თქვენი ერთ-ერთი კითხვა იყო - გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ერთგვარი პოლარიზაცია და აზრთა სხვადასხვაობა იმხელა ნიშნულზეა უკვე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში და მათ შორის, 57 სახელმწიფოს დელეგაციებს შორის, რომ ის განცხადება, რაც ეუთოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა, იყო სწორედ ამით გამოწვეული“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

დეპუტატის თქმით, ჯო უილსონის მიერ რეზოლუციაში დაინიციირებული ჩანაწერი არის სამარცხვინო.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ უშუალოდ სხდომაზე დააფიქსირეს საკუთარი აზრი, ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებთან პირად საუბრებში შეშფოთებას გამოხატავდა შექმნილი მდგომარეობის გამო.

„ჩვენ ხმამაღლა მოვისმინეთ გენერალური მდივნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ჩატარდა და ცდილობს საპარლამენტო ასამბლეა, მისი ერთი ნაწილი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია. ანუ პრაქტიკულად ძირს უთხრიან ეუთოს, მისი საქმიანობის 50 წლის თავზე, იმიტომ რომ ეს არის სამარცხვინო ჩანაწერი, რომელიც ჯო უილსონის მიერ იქნა დაინიიცირებული და სწორედ ამიტომ იყო ასეთი ხმამაღალი და წერტილის დამსმელი განცხადება გენერალურ მდივნისგან. ჩვენ მათ შორის, მოვისმინეთ შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის ხმამაღალი განცხადება. ის აღშფოთებული იყო და მიმართავდა პოლონეთის დეპუტატს, რომელიც, ასევე, საქართველოში იმყოფებოდა და აკვირდებოდა და ხაზი გაუსვა ამ ადამიანმა, რომ არჩევნების მეორე დღეს, მთელი სადამკვირვებლო მისია შეიკრიბა და ერთხმად განაცხადეს, რომ არჩევნები იდეალურად იყო ჩატარებული.

ეს ადამიანი პირად საუბრებშიც იყო აღშფოთებული, როგორ შეიძლება ასეთი დისკრედიტაცია თვითონ ეუთოსი. ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები და ჩვენთან გამოხატავდნენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება. იქ ჩვენ მოვისმინეთ საოცარი ტყუილები, მათ შორის სამწუხაროდ, უკრაინის დელეგაციის მხრიდან, რომელიც ამბობდა რომ საპარლამენტო ასამბლეაში იმიტომ მონაწილეობს ქართული ოპოზიცია, რომ თურმე „ქართულმა ოცნებამ“ ისინი დაიჭირა. ერთი მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ აი ის ხუთდღიანი ვიზიტი, კომიტეტის სხდომები და საბოლოოდ, პლენარული სესია, საუბრები, შეხვედრები კამერებს მიღმა ადასტურებს იმას, რომ ძალიან განსხვავებულია მოსაზრებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შორის. ის აბსურდი საერთაშორისო სამართლის ორგანიზაციის მიმართ რაც ახლა მოხდა, არის პირველ რიგში, ძირგამომთხრელი ეუთოსთვის, რაც არის საგანგაშო. ასეთი რამ არ მომხდარა და სამწუხაროდ, მოხდა ეუთოს დაფუძნებიდან 50 წლის თავზე ჯო უილსონის მეცადინეობით, რომელსაც ტექსტს უწერს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია.

იყო სურვილი, რომ სახელობითად ჩაეწერათ რადიკალური ოპოზიციის ხელმძღვანელების გვარები ამ რეზოლუციაში, რაც ჩავარდა, ჩვენი დელეგაციის დიდი შრომის შედეგად.

ზოგად სურათში შეცვლილია დამოკიდებულება საქართველოსა და ქართული დელეგაციის მიმართ, იმიტომ რომ ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენ თავგამოდებით ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ხალხის არჩევანს და ვცდილობთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა გარე ჩარევებისგან, რაც ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს ბევრი დელეგაციის და მათ შორის, ეუთოს აღმასრულებელი რგოლის მხრიდან“, - განაცხადა ბითაძემ.