Loading data...
მაია ბითაძე: ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნის 9-9 წელი „ნაცმოძრაობამ“ გამოიყენა იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარა ამ ქვეყნისთვის

„რეალურად, „ნაცმოძრაობა“ რომ ასაკრძალი პოლიტიკური გაერთიანება იყო, ეს დღეს და გუშინ არ გარკვეულა. 9-წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები სახელმწიფოებრიობის წინაშე, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების, მედიის წინაშე, საკუთრების უფლების დარღვევის კუთხით, ეს ყველაფერი ყველა ის გარემოებაა, რასაც არა მხოლოდ ჩვენ მოსახლეობა და ხელისუფლება ვსაუბრობთ, არამედ, ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობამ“, როგორც ხელისუფლებაში, ასევე, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი დესტრუქციისთვის გამოიყენა.

„შემდგომი პერიოდია 2016 წლიდან დღემდე პერიოდი, სადაც მუდმივად ძირს უთხრიდნენ ქვეყნის სიმყარეს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ბოლო პერიოდში კი, პროვოცირებას ახდენენ, რომ საქართველო ომში ყოფილიყო ჩათრეული სხვადასხვა გზით.

ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი და ოპოზიციაში ყოფნის 9 წელი „ნაცმოძრაობამ“ გამოიყენა იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარა ამ ქვეყნისთვის.  შესაბამისად, ხელისუფლებას დღეს დაუდგა ის რეალობა, როდესაც არა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება იყო, არამედ, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის აუცილებელი მომენტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალოს.

ყველამ მომავალში კარგად გაიაზროს, რომ ამ ქვეყანაში დესტრუქციული ძალები ხელისუფლებაში ვეღარ უნდა მოვიდნენ და არც ოპოზიციაში არ უნდა ჰქონდეთ მათ იმის საშუალება, რომ მანიპულირებდნენ ამ ქვეყნის მშვიდობით“, - აღნიშნა ბითაძემ.