Loading data...
მაჭავარიანი ვიზებზე ახალი რეგულაციების შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით: ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ არანაირი შიში არ გვაქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კაია კალასის ინიციატივა, სავარაუდოდ, დეპუტატებს შეეხება.

მისივე თქმით, მათ საქმით დაამტკიცეს, რომ სანქციების არ ეშინიათ.

„რაც მოვისმინეთ ეს ისედაც გვესმის იმ დღიდან, რა დღიდანაც უკრაინაში ომი დაიწყო. ყველამ უკვე კარგად იცის, თუ რატომ არის რიტორიკა ამგვარი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მეორე ფრონტზე ვთქვით უარი.

არ მოგვისმენია არანაირი დაგმობა იმ ძალადობრივი ქმედებების და ქვეყნის დამხობის მცდელობის, რომელიც 4 ოქტომბერს ვითარდებოდა. ევრობიუროკრატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებს იქიდან გამომდინარეო, რომ ეს წახალისებული იყო მათი ოფიციალური პირისგან.

შეუძლიათ გააგრძელონ იგივე რიტორიკით საუბარი, შეუძლიათ აღასრულონ კიდეც ახალი ჩანაფიქრი, რაც გააჟღერა კაია კალასმა, რომ კონკრეტული ჯგუფები დასანქცირდებიანო. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დეპუტატებზე არის საუბარი. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ არანაირი შიში არ გვაქვს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.