Loading data...
მაჭავარიანი: ველოდებით იმ დროს, როდესაც შესაძლებლობა გვექნება, ჯანსაღ გარემოში დავსხდეთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან და გავიაროთ ის გამოწვევები რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში დგას

„ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის ძირითადი კომპონენტი და გასაღები იმაშია თუ როდის დასრულდება უკრაინაში ომი, რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით უფრო მალე გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობები, მათ შორის ევროკავშირთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა დასავლეთთან ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ იგი იმედოვნებს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საუბრის შესაძლებლობა იქნება.

„ბატონი ტრამპის ინაუგურაცია როდესაც მოხდება, მას ხვდება უამრავი გამოწვევა და უამრავი პრობლემა, რაც სამწუხაროდ მოქმედმა ადმინისტრაციამ მას მემკვიდრეობით დაუტოვა. არ არსებობს ფაქტობრივად მსოფლიოს არცერთი წერტილი, სადაც დაწყებული კონფლიქტი არ იყოს ან სადღაც პოტენციური კონფლიქტის კერა არ არსებობდეს.

მოვა ის დრო და ჩვენ ველოდებით ამ დროს მისივე ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ძალიან ჯანსაღ გარემოში დავსხდეთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან და გავიაროთ ის გამოწვევები რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში დგას.

ტრამპის დაპირება უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, გვჯერა, რომ ამას მალევე, პირველივე თვეებში შეძლებს. ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის ძირითადი კომპონენტი და გასაღები იმაშია თუ როდის დასრულდება უკრაინაში ომი. რაც უფრო მალე მოხდება ეს, ყველაფერი მით უფრო მალე გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობები, მათ შორის ევროკავშირთან“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.