Loading data...
მაჭავარიანი შეწყალებაზე: ჩვენ კარგად ვიცით, იქითა მხარე არ აღიარებს ბატონ ყაველაშვილს, როგორც პრეზიდენტს, რატომ ჰქონდათ რაიმეს მოლოდინი?

„რადიკალებმა შექმნეს ცრუ, ხელოვნური აჟიოტაჟი, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ის შეწყალების აქტთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ შექმნილ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ აქციებზე დაკავებულები შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდნენ.

„ჩვენ კარგად ვიცით, იქითა მხარე არ აღიარებს ბატონ ყაველაშვილს, როგორც პრეზიდენტს და რატომ ჰქონდათ რაიმეს მოლოდინი? რა თქმა უნდა, შეწყალება ეს არის ჰუმანური აქტი იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც აანალიზებენ თავიანთ დანაშაულს და ამ შემთხვევაში საუბარია მსჯავრებულებზე, რომლებიც ამბობენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არაფერს არ ინანიებენ და ფაქტობრივად, რასაც ისინი ლაპარაკობენ შეგვიძლია უტრირებულად ვთქვათ, რომ გამოვლენ - იმავეს ჩაიდენენ. აქედან გამომდინარე, არავის უნდა უკვირდეს, რომ არ მოხვდნენ შეწყალებულთა შემადგენლობაში. მათი მშობლების ამ სახით გამოყენება, რა თქმა უნდა, კიდევ მორიგი ბინძური ნაბიჯები არის რადიკალების მხრიდან“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.