Loading data...
მაჭავარიანი: სად ეცალა, ომი რამდენიმე დღის დაწყებული იყო, როცა ზელენსკი ამ საკითხით დაინტერესდა და ელჩი გაიწვია, ლოგიკური კითხვაა: თუ ელჩის გაწვევა იყო ბელორუსიიდან რატომ არ გაიწვია, საიდანაც რუსეთი შევიდა კიევის დასაბომბად?!

„სად ეცალა - ომი რამდენიმე დღის დაწყებული იყო ზელენსკის, რომ დაინტერესებულიყო და ელჩი გაიწვია, ლოგიკური კითხვაა: თუ ელჩის გაწვევა იყო, ბელორუსიიდან რატომ არ გაიწვია, საიდანაც რუსეთი შევიდა კიევის დასაბომბად?!“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში  განაცხადა.

„ომამდე 1 წლით ადრე შემოაპარეს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ აქ რევოლუცია მომხდარიყო და რა თქმა უნდა, სააკაშვილი და დანარჩენი აგენტები ყველაფერს ისე გააკეთებდნენ, როგორც დაავალებდნენ. ეს არ გამოუვიდათ - სააკაშვილი დავაკავეთ. ამის შემდეგ მოვლენები ვითარდება შემდეგნაირად - არის დახურულ კარს მიღმა საუბრები, რაც ჩვენ გარეთ არ გამოვიტანეთ და ბევრჯერ გავუსვით ხაზი, ჩვენ რომ დაგვჭირვებოდა და სასწორზე ქვეყნის გადარჩენა ყოფილიყო, ძალიან ბევრ დეტალს გადავიტანდით გარეთ, მაგრამ მადლობა ღმერთს - ამის საჭიროება არ იყო. 

შემოდის თამაში შემდეგი მექანიზმი, ჩვენ გვაიძულონ, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ავტომატურად გამოიწვევს ესკალაციას რუსეთთან. რა არის ეს ნაბიჯები, ზელენსკის ადმინისტრაცია მოათხოვნინეს 3 რაღაცა საქართველოდან, ეს იყო - სანქციების დაწესება რუსეთისთვის, მოხალისეებით სავსე ჩარტერული რეისის გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და შეიარაღების გადაცემა უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უარს განვაცხადებდით, ზელენსკი გაიწვევდა ელჩს, რადგან „დუღილის ტემპერატურა“ გაზრდილიყო საქართველოში და ამ გარე ძალების მიერ მართული მდიდარი „ენჯეოები“ გამოიყვანდნენ მოსახლეობას, რომ მათი წნეხის შედეგად, ჩვენ ვეიძულებინეთ ეს ნაბიჯები გადაგვედგა და ავტომატურად ესკალაციას და სამხედრო აგრესიას გულისხმობდა რუსეთის მხრიდან.

როგორ განვითარდა მოვლენები? სად ეცალა - ომი რამდენიმე დღის დაწყებული იყო ზელენსკის, რომ დაინტერესებულიყო და ელჩი გაიწვია, ლოგიკური კითხვაა: თუ ელჩის გაწვევა იყო, ბელორუსიიდან რატომ არ გაიწვია, საიდანაც რუსეთი შევიდა კიევის დასაბომბად?! იმიტომ, რომ ეს სცენარის ნაწილი იყო. გაიწვია ელჩი, გახსოვთ, როგორი აჟიტირება და მღელვარება მოხდა საზოგადოებაში? როგორი წნეხი ხორციელდებოდა, რომ ეს 3 მოთხოვნა ჩვენ შეგვესრულებინა, რაც ავტომატურად გულისხმობდა ომში ჩაბმას“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.