მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ ჩაერთო და მასობრივი შეტევა განახორციელეს უკრაინული ხელისუფლების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ აგენტებით ჰყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის გადაკეთებასაც აპირებს ზელენსკი

ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა უკრაინული მხარე იღებს დამოუკიდებლად, ეს, რა თქმა უნდა, უკრაინული მხარის არჩევანი და მათი უფლება არის, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი უკრაინის რადას მიერ 22 ივლისს მიღებულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკას, რომელიც ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ზღუდავს.
მისი თქმით, რადას გადაწყვეტილებისთანავე საქმეში „დიფ სთეითი“ ჩაერთო.
„ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ ჩაერთო, ასეთი მასობრივი შეტევა განახორციელეს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინული ხელისუფლების მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ, რა თქმა უნდა, აგენტებით ჰყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის გადაკეთებასაც აპირებს ბატონი ზელენსკი. საქართველოდანაც გაქცეული, დადასტურებული კრიმინალებიც ჩასმულები იყვნენ ამ ორგანიზაციაში. ბატონი უგლავა, რომელიც პროკურორის თანამდებობას იკავებდა და ბატონი სააკაშვილის ახლო წრის წარმომადგენელი გახლდათ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.