Loading data...
მაჭავარიანი: ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი

ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერმა გრძელვადიანად უნდა იმუშაოს.

„ეს არის მოკლევადიანი ნაბიჯების მიმართულება, რაც ქსელებმა თავის თავზე უნდა აიღონ და ვიხილეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ქსელი ამას პოზიტიურად გამოეხმაურა. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს რეკომენდაციები არის ძალიან ლოგიკური და არ გულისხმობს მათ ბიზნესში უხეშ ჩარევას. შესაბამისად, მზად არიან, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინონ და დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი სისტემურად ისე მოწესრიგდეს, რომ გრძელვადიანად იმუშაოს. რეკომენდაციები სამი მიმართულებით - მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიმართულებებით გაიცა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მსხვილი ქსელური მარკეტები პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააიაფებენ. რამდენიმე დღეში დახლებზე პროდუქტების ფასი შემცირდება. „საოჯახო კალათის“ ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივად გავრცელდება.

შესაბამისი განცხადებები „რითეილ ასოციაციამ“, „გუდვილმა“, „დეილი გრუპმა“, „ნიკორამ“ გამოაქვეყნეს.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა ითვალისწინებს მათ შორის რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს.