მაჭავარიანი ხაბეიშვილზე: როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირია „ნაცმოძრაობაში“ და მისგან ისმის, ერთი მხრივ, მუქარები რევოლუციაზე და მეორე მხრივ, პირდაპირი შეთავაზება ქრთამის სახით სამართალდამცავი უწყებების მიმართ, აქ იკვეთება ბრალეულობა ორივე მიმართულებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, როდესაც ხაბეიშვილს ასეთი მაღალი თანამდებობა უკავია და მისგან ისმის, ერთი მხრივ, საჯარო მუქარები რევოლუციაზე და მეორე მხრივ, ქრთამის შეთავაზება სამართალდამცავი უწყებების მიმართ, აქ ბრალეულობა ორივე მიმართულებით იკვეთება.
„ლევან ხაბეიშვილი არ არის უბრალოდ ადამიანი, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. იგი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. შესაბამისად, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მისგან ისმის, ერთი მხრივ, მუქარები რევოლუციაზე და დამხობაზე საჯაროდ და მეორე მხრივ, პირდაპირი შეთავაზება ქრთამის სახით სამართალდამცავი უწყებების მიმართ, რა თქმა უნდა, აქ იკვეთება ბრალეულობა როგორც ერთი მიმართულებით, ისე მეორე მიმართულებით. თუმცა, რა თქმა უნდა, მე ამას ვერ შევაფასებ, მხოლოდ პოლიტიკური შეფასება შემიძლია და საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, სასამართლომ უნდა თქვას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.