Loading data...
მაჭავარიანი ჰერჩინსკიზე: თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს, მისგან ისეთი ტიპის გზავნილებია, შეგვიძლია, ამ ყველაფერს მუქარა დავარქვათ - უნდა მიხვდნენ, რომ ასეთი ჩარევებით მოქალაქეებს ჩვენს სასარგებლოდ უფრო აერთიანებენ

იგი უკვე აღარ ერიდება, თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს და მისგან ისეთი ტიპის გზავნილებია, რომ შეგვიძლია, ამ ყველაფერს მუქარა დავარქვათ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას გადაცემაში „EURO ანატომია“.

მისივე თქმით, დიპლომატის მიერ სუვერენულ სახელმწიფოსთან შანტაჟის ენით საუბარი სითავხედეა. მაჭავარიანის თქმით, ჰერჩინსკისგან არაკორექტულ ქცევებს მიჩვეული არიან.

„ეს ქცევები და განცხადებები იყო კონკრეტულად ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში იგი უკვე აღარ ერიდება, თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს და მისგან ისეთი ტიპის გზავნილებია, რომ შეგვიძლია, ამ ყველაფერს მუქარა დავარქვათ, თურმე, ბნელ დროში უნდა დაბრუნდეს საქართველო, თურმე, სამოქალაქო ომი უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მან ისაუბრა, რეალურად რა იმალება ჰერჩინსკის მუქარის უკან.

„ეს არის მითითებებით მოქმედება და იგი და მისი დავალების მიმცემები ფიქრობენ, რომ ასეთი რიტორიკით ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა შესაძლებელი და ნდობის დაკარგვა „ქართული ოცნების“ მიმართ. თუმცა ეს მათთვის კონტრპროდუქტიულია და ამაში ისინი თავად უნდა დარწმუნებულიყვნენ.

როდესაც ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ჩარევა 2024 წელს ჩვენს არჩევნებში, როდესაც ბრიუსელმა ჩაუტარა ჩვენს ოპოზიციას ის არჩევნები, ვნახეთ, თუ როგორ გაერთიანდა ქართველი ერი და როგორი უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, მათ ეს უნდა გაიაზრონ და მიხვდნენ, რომ ასეთი ჩარევებით, პირიქით, ჩვენს მოქალაქეებს უფრო აერთიანებენ ჩვენს სასარგებლოდ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.