Loading data...
მაჭავარიანი ჰერჩინსკიზე: ევროკავშირის მოქმედი ელჩის განცხადება, რომ იგი დაეყრდნობა „ისფედის“ მონაცემებს, ძალიან პარადოქსული და ცოტა უცნაურია

„ბატონ ელჩს იმაში ვეთანხმები, რომ ის ხელისუფლება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა, იქნება „ქართული ოცნება“ და დიახ, ისინი დასხდებიან და „ქართულ ოცნებასთან“ ჩვეულებრივად გააგრძელებენ საუბარს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებზე ისეთი ანგარიშით გაიმარჯვებს, რომ სასპეკულაციო ველი არ დარჩება. 

„პირველ რიგში, „ისფედის“ მაგალითი ხშირად მომყავს ხოლმე და ძალიან პარადოქსულია, რომ ევროკავშირის მოქმედი ელჩი აცხადებს იმას, რომ იგი დაეყრდნობა „ისფედის“ მონაცემებს. ეს ძალიან პარადოქსული და ცოტა უცნაურია.

მეორე რიგში, ჩვენ იმდენად მყარი გვექნება ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა და ისეთი ანგარიშით გავიმარჯვებთ, რომ ამ არჩევნებზე ფიზიკურად ვერავის სასპეკულაციო ველს ვერ დავუტოვებთ. შეგახსენებთ, რომ არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით ტარდება და შემდეგ ეს ყველაფერი ხელით გადაითვლება, სასპეკულაციო არავის არაფერი დარჩება.

იმაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ბატონ ელჩს, რომ ის ხელისუფლება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა და ეს იქნება „ქართული ოცნება“ და დიახ, ისინი დასხდებიან და „ქართულ ოცნებასთან“ ჩვეულებრივად გააგრძელებენ საუბარს. 

ვინაიდან, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, როგორც საქართველოს სჭირდება მეგობრობა ამერიკასთან და ევროკავშირთან, არანაკლებ სჭირდება ამერიკასა და ევროკავშირს მეგობრობა საქართველოსთან, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 800 მლრდ-ზე მეტია. მთელმა ტვირთმა ჩინეთიდან ევროკავშირში უნდა გაიაროს საქართველოს გზით, შუა კორიდორში, სადაც ჩვენ საკვანძო ადგილს ვიკავებთ. ეს ტვირთი ევროპაში გაცილებით სწრაფად და გაცილებით იაფად ჩავა, საქართველოს გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება.

შესაბამისად, ევროკავშირს სჭირდება საქართველო და უფრო მსუბუქად რომ ვთქვა, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი. სამხრეთ კავკასიაში ჩვენზე სერიოზული და ჩვენზე ერთგული პარტნიორი აშშ-ს არასდროს არ ჰყოლია. ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც სანამ ეს გაუგებრობები მოხდებოდა და ასეთი გაუგებრობები დროებით ხდება ოჯახშიც და სამეგობროშიც, მაგრამ ყველაფერი დაბრუნდება ძველ ნიშნულზე გარწმუნებთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.