Loading data...
მაჭავარიანი: გარე ძალები მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად დამატებით ცდილობენ ხალხს ხელოვნური დაპირისპირება დაანახონ, რომელიც ვითომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიას აქვს „ნაცმოძრაობასთან“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია ძალიან შესუსტებულია და მათი რეიტინგი  დრამატულად შემცირებულია.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, გარე ძალები მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად დამატებით ცდილობენ ხალხს ხელოვნური დაპირისპირება დაანახონ, რომელიც ვითომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიას აქვს „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებით.

„ოპოზიცია არის ძალიან შესუსტებული. მათი რეიტინგი არის დრამატულად შემცირებული. წინა არჩევნებზე 61 მანდატი მოიპოვეს, რაც არ არის სახუმარო შედეგი და პატარა წარმატებაც შეგვიძლია დავარქვათ, მაგრამ მას შემდეგ მათ ძალიან არასწორი სვლები გააკეთეს, თავიანთი გარე უფროსების დავალებით. ვინაიდან, გარე უფროსებს გათვლა ჰქონდათ, რომ ჩვენ შანტაჟის ფონზე გადაგვადგმევინებთ რაღაც ნაბიჯებს, როგორც 2020 წელს გადაგვადგმევინეს და წავიდოდით კომპრომისებზე.

არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, ატყუებდნენ ამომრჩეველს, არჩევნები იყო გაყალბებული და დღემდე ამის მტკიცებულება ვერავინ დადო და ეუთო/ოდირის რეპუტაციის დაცვა ჩვენ გვიწევს, „ქართულ ოცნებას“. ასევე, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ყოველდღე ეთერებში დადიოდნენ და აანონსებდნენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური დესტაბილიზაცია და ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციაში მოქცევა და ა.შ.

გარე უფროსები დაფიქრდნენ და რა თქმა უნდა, მიხვდნენ, „ნაცმოძრაობასა“ და პარტია „ახალზე“ ისინი ფსონს ვერ აკეთებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს საზოგადოებას ვერ შეასაღეს „ახალი“, როგორც ახალი ძალა და ყველა ფიქრობს, რომ ზუსტად ერთსა და იმავე ძალაზეა საუბარი.

რჩებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი მოქალაქეები, რომლებიც ვერ აღიქვამენ, რომ ბატონი გახარიას და ხაზარაძის პარტიაც, ზუსტად იმავე ვერტიკალიდან იმართება, როგორც ეს დანარჩენი ორი რადიკალური პარტია და შესაბამისად, ფსონს ამიტომ აკეთებენ ამ ორ პარტიაზე და ცდილობენ, რომ მათი ამომრჩეველი კიდევ მეტ შეცდომაში შეიყვანონ და ხელოვნური დაპირისპირება დაანახონ „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებით.

თუმცა, გადავხედოთ წარსულს და ეს ოთხი რადიკალური პარტია ერთი მაგიდის გარშემო იჯდა ამ წლების განმავლობაში, ერთად აყალიბებდნენ დღის წესრიგს, ერთი მესიჯბოქსით მოქმედებდა, ერთად აგზავნიდნენ „დანოსებს ბრიუსელში, ერთად დადიოდნენ კაბინეტიდან კაბინეტში და ა.შ.

აბსოლუტურად ყველაფერს ისინი ერთად აკეთებდნენ, ერთ დავალებას ასრულებდნენ და ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო იყვნენ წინა არჩევნებზე შემოკრებილი. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ძალიან რთულია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.