Loading data...
მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: გადაწყვიტეს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაისაჯოს, ვინაიდან არ მიიღო მონაწილეობა „პროქსი ომში“ და ვერ გამოიყენეს, როგორც სატელიტი სახელმწიფო

„ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ეს  ტრაგედია ჩვენ რაღაცებზე უარი განვაცხადეთ, ეს განწყობა შეიქმნა ევრობიუროკრატებში. მათ გადაწყვიტეს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაისაჯოს, ვინაიდან არ მიიღეს მონაწილეობა „პროქსი ომში“ და ვერ გამოიყენეს, როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას შემდეგ გრძელდება ეს ყველაფერი - სანქციები, შანტაჟი, უსაფუძვლო ბრალდებები და ა.შ.“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადებას.

მისი თქმით, მოსამართლეების დასანქცირების შესახებ მუქარა ევრობიუროკრატების მხრიდან პირველი არ არის და ყველა ჯერზე ზეწოლა მოდის იმ მოსამართლეებზე, რომლებიც რეზონანსულ საქმეებს განიხილავენ.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდი ემსახურება საკუთარ ქვეყანას და იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. კონკრეტულად მოსამართლეებზე რომ ვთქვათ, მოსამართლეებთან დაკავშირებით რამდენი გახმაურებული საქმეც იყო და რამდენი საქმეც წავიდა შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში და რამდენ საქმესაც მიაწებეს პოლიტიკური იარლიყი და იყო რეზონანსული საქმეები, იგივე ბატონი სააკაშვილის, ბატონი გვარამიას, ბატონი მელიას და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი საქმე შემიძლია ჩამოთვალო, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით და ყველა გადაწყვეტილება მოუწონა ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ესეც არის გამოგონილი ხელოვნურად იმისთვის, რომ მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში. 

ჩვენმა საზოგადოებამ ეს ფილმი იხილა წინა არჩევნებზე, როდესაც პირდაპირ პირდაპირ ამ ევრობიუროკრატებმა, ვისზეც ახლა ჩვენ გვაქვს საუბარი, ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას და რა მოიმკეს ამით თავად შეაფასონ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც ასეთი შედეგი დაგვადებინა და ამხელა მხარდაჭერა ჰქონდა, მილიონ ას ოცი ათას ამომრჩეველზე მაქვს საუბარი, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს იყო, ვინაიდან ქართველი ხალხი ვერ იტანს უსამართლობას და ვერ იტანს, როდესაც გარედან რაღაცას გიკარნახებენ და სურთ, რომ უკაცრავად ჟარგონისთვის და ვიღაცის დაკრულზე ცეკვა დავიწყოთ.

„ქართული ოცნება“ ვდგავართ ძალიან მყარად. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მხოლოდ ამაზე დაფუძნებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. აქედან გამომდინარე გვაქვს მხარდაჭერა“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.