Loading data...
მაჭავარიანი: ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, მარცხდება თუ არა „დიფ სთეითი“ აშშ-ში, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, შეუძლებელია, ზაზა შათირიშვილის წერილიდან რაღაც ნაწილს არ დაეთანხმო.

მისი თქმით, საქართველო აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის.

„შეუძლებელია, ამ წერილიდან რაღაც ნაწილს არ დაეთანხმო. დანარჩენზე მე ინფორმაცია არ მაქვს და სიმართლე გითხრათ სიღრმეებშიც არ მინდა შევიდე. თუმცა ერთი რამ ნათელია, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ურთიერთობების გადატვირთვის, რათა ეს ურთიერთობა აღდგეს. ოღონდ რეალური პარტნიორობა და არა ისეთი პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციასთან იყო და მხოლოდ ფარატინა ფურცელზე იყო გაფორმებული.

თუმცა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მარცხდება თუ არა „დიფ სთეითი“ აშშ-ში. ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე.

არის ბევრი კითხვის ნიშანი, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ მოეხსნა ბატონ ბიძინა ივანიშვილს სანქციები, როდესაც იგი თითქოს იმ საბაბით დაასანქცირეს, რომ რუსეთთან ჰქონდა რაღაც კავშირები. დღევანდელი ადმინისტრაცია კი ღია კავშირშია რუსეთთან, მოლაპარაკებებს აწარმოებს, საუბარია სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.